|
|
|
![]() |
|
ს ა ბ ა კ ა ლ ა ვ რ ო პ რ ო გ რ ა მ ა მიმართულება: განათლება სპეციალობა: პედაგოგიკა სპეციალიზაცია: დაწყებითი განათლება მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების ბაკალავრი პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტში დაწყებითი განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მას დიდი როლი ეკისრება მომავალი თაობის აღზრდაში, ამიტომაც სწორედ მასში არის გათვალისწინებული განათლების რეფორმის უმთავრესი საკითხები. სწორედ დაწყებითი განათლებიდან იწყება განათლების ახალი სისტემის ფორმირება, რაც განაპირობებს ქვეყნის შესვლას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესი. დაწყებითი განათლების მიმართულება უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა დაარსებისთანავე. იგი ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის I საფეხურის პედაგოგების მომზადებას. ამ ეტაპზე მასწავლებლის როლი განსაკუთრებით დიდია, ვინაიდან ის ქვეყანას მომავალ მოქალაქეს უმზადებს. მიმართულება მოწოდებულია, მოამზადოს ისეთი პედაგოგიური კადრები, რომლებიც შეძლებენ კარგად გაართვან თავი დასახულ ამოცანებს. განათლების მიმართულებაზე სწავლების მიზნები და ამოცანები მკაფიოდ არის განსაზღვრული. სპეციალობაზე შესასწავლი საგნები ხელს უწყობენ სტუდენტს, დაეუფლოს არჩეულ პროფესიას და გახდეს ღირსეული აღმზრდელი პედაგოგი. იგი იძენს არა მარტო ზოგად მეცნიერულ ცოდნას, არამედ ეუფლება პედაგოგიურ ტექნიკას, პროფესიულ უნარ-ჩვევებს. სწავლების მიზანია, კურსდამთავრებულებმა მიიღონ კარგი განათლება, მაღალი კვალიფიკაცია და დააკმაყოფილონ შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნები (ამ მხრივ პირველი წარმატებები უკვე თვალსაჩინოა). სპეციალობის მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად გახსნას და განავითაროს სტუდენტთა ინტელექტუალური პოტენციალი, ღრმა თეორიულ ცოდნასთან ერთად გამოუმუშავოს პროფესიული ჩვევები, ჩამოუყალიბოს მოვლენების კრიტიკული ხედვისა და შეფასების უნარი. სასწავლო პროგრამის სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც დაწყებითი განათლების მომავალი ბაკალავრები იღებენ ცოდნას, სრულ შესაბამისობაშია ECTS-თან. ის ორიენტირებულია სწავლებისა და სწავლის ევროპულ სისტემაზე. პროგრამა ითვალისწინებს საერთაშორიშო შეთანხმების შესაბამისად კრედიტების დაგროვების ევროპული სისტემის განხორციელებას. სტუდენტი ბაკალავრიატში სწავლების განმავლობაში აგროვებს 240 კრედიტს, ყოველი კურსის განმავლობაში – 60 კრედიტს, ყოველ სემესტრში – 30-ს. კრედიტებში გათვალისწინებულია როგორც ლექცია-სემინარებისა და პრაქტიკული თუ ლაბორატორიული მუშაობისათვის საჭირო საათები, ასევე კოლოქვიუმებისა და შუალედური შემოწმებების, საბოლოო გამოცდების მოსამზადებლად განკუთვნილი საათები და დამოუკიდებელი სამუშაოსათვის საჭირო დრო. ბაკალავრიატში სწავლების სრული ციკლი მოიცავს 4 წელს. სასწავლო პროგრამა აიგო მოდულების მიხედვით, რაც თეორიისა და პრაქტიკის, ზოგადად სწავლების ინტეგრაციის მსოფლიოში აღიარებული სისტემაა. 1 კრედიტში მოიაზრება 25 საათი, ყოველი სასწავლო სემესტრი მოიცავს 15 კვირას. სტუდენტები განათლების ბაკალავრის სასწავლო პროგრამის მიხედვით სწავლობენ სპეციალობის ძირითად და არჩევით საგნებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო არჩევით დისციპლინებს. სპეციალობის ძირითად საგნებს ეთმობა 135 ECTS, სპეციალობის არჩევით საგნებს – 65 ECTS, ზოგადსაგანმანათლებლო არჩევით საგნებს – 20 ECTS, დანარჩენი ნაწილი განკუთვნილია სასწავლო პრაქტიკისა და საბაკალავრო ნაშრომისათვის. სასწავლო პრაქტიკა ტარდება სწავლების VII სემესტრში, სემესტრის ბოლოს, როცა სტუდენტს უკვე შესწავლილი აქვს სპეციალობის ძირითადი საგნები, მეთოდიკების ნაწილი, პედაგოგიკა და ფსიქოლოგია, ის გრძელდება 8 კვირა და გულისხმობს გაკვეთილებზე დასწრებას, მათ ანალიზს, გაკვეთილების ჩატარებას, დამრიგებლის მუშაობის გაცნობასა და ღონისძიებების მომზადებას, პრაქტიკისას ჩატარებული სამუშაოს დაცვის მომზადებას ეთმობა საათების გარკვეული რაოდენობა. საბაკალავრო ნაშრომი სრულდება სწავლების მე-8 სემესტრში, ეთმობა 10 კრედიტი, ანუ 250 სასაწავლო საათი, რაშიც გათვალისწინებულია საკონტაქტო, დამოუკიდებელი მუშაობისა და დაცვის მოსამზადებელი საათების რაოდენობა. სპეციალობის ძირითადი საგნების ბლოკიდან დაწყებითი განათლების სპეციალობის სტუდენტები სწავლობენ ქართულ ენას; ქართულ ლიტერატურას; მათემატიკას; პედაგოგიკას; ფსიქოლოგიას; ქართული ენის, ლიტერატურისა და მათემატიკის სწავლების მეთოდიკებს; ბუნებისმეტყველებასა და ბუნების სწავლების მეთოდიკას; საკურსო სამუშაო სრულდება ქართულ ენაში, ქართულ ლიტერატურასა და მათემატიკაში. სპეციალობის არჩევით ბლოკში შედის: შრომითი და მხატვრული აღზრდის თეორია და სწავლების მეთოდიკა; მუსიკალური აღზრდის თეორია და მეთოდიკა; ფიზიკური აღზრდის თეორია და მეთოდიკა; საბავშვო ლიტერატურა; კორექციული პედაგოგიკა; საქართველოს ისტორია და გეოგრაფია და მათი სწავლების მეთოდიკა, კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის მეთოდები; ოჯახში აღზრდისა და სწავლების მეთოდები, პედაგოგიური კვლევის მეცნიერული საფუძვლები. საუნივერსიტეტო სავალდებულო საგნებს წარმოადგენენ: აკადემიური წერა, უცხო ენა, ინფორმატიკა, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო არჩევით საგნებად გათვალისწინებულია მეტყველების კულტურა, ფილოსოფია, პოლიტოლოგია, ეთიკა. შედეგები და კურსდამთავრებულთა კომპეტენციები: მომავალი მასწავლებლები უნდა დაეუფლონ ზოგად, საგნობრივ და პედაგოგიურ კომპეტენციებს, რომლებიც აუცილებელია განათლების სფეროში ეროვნული პრიორიტეტების გასაცნობიერებლად, სკოლის საჭიროებების შესასწავლად და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის გასაძღოლად.
დასაქმების სფერო: მიღებული დიპლომი სტუდენტს საშუალებას მისცემს, სწავლა განაგრძოს სამაგისტრო პროგრამით საქართველოს ან ამავე პროგრამით მომუშავე საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში; დაიწყოს მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მასწავლებლად, ან დაიკაოს სათანადო პროფილის ხელმძღვანელი მუშაკის თანამდებობა. პროგრამაზე მიღების წინაპირობები: საშუალო სკოლის ატესტატი და ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით გავლა. პროგრამით გათვალიწინებული კურსების მოკლე ანოტაციები. პროგრამის სტრუქტურა
|
|
გვერდის მესაკუთრე: სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის
ეკონომიკურ–ჰუმანიტარული უნივერსიტეტი |